Friday, April 4, 2014

პრეზენტაცია კათედრაზე

კათედრაზე   გამოცდილების   გაზიარება
თვითშეფასების
 ა     ნ    გ    ა    რ    ი    შ    ი
   2014  წლის 22 თებერვალს, თბილისის ევროპულ სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპული სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო–მეთოდური კონფერენცია თემაზე: ,,ინფორმაციული ტექნოლოგიები სწავლება–სწავლის ხარისხის ასამაღლებლად“.
   ჩემს მიერ საკონკურსოდ გაგზავნილი მოხსენება /პრეზენტაცია შეირჩა და მიწვეული ვიყავი აღნიშნულ კონფერენციაზე.
  ამის შემდეგ კოლეგებს აინტერესებდათ, თუ როგორი, რა სახის მოხსენებით და პრეზენტაციით გამოვედი კონფერენციაზე, ამიტომ დავგეგმე კათედრაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით გამეკეთებინა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენების პრეზენტაცია და არა მარტო საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებისთვის, არამედ ყველა მსურველი პედაგოგისთვის შემეთავაზებინა ჩემი დახმარება.
   2014  წლის 6 მარტს, საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე წარმოვადგინე ეს პრეზენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ როგორც საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები, ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.   
   პრეზენტაციის თემა:  ინფორმაციული ტექნოლოგიები სწავლება–სწავლის ხარისხის ასამაღლებლად;
   მიზანი:  კოლეგებისთვის საკონფერენციო გამოცდილების გაზიარება და მათთვის საინტერესო კომპიუტერული პროგრამების გაცნობა.
 შევეცადე პრეზენტაცია საინტერესო და მასწავლებლების საჭიროებებზე ორიენტირებული ყოფილიყო. 
  დასაწყისში ყურადღება გავამახვილე ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, რომ დღეს, XXI-ე საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა,  პრაქტიკაში ციფრული წიგნიერება კი მრავალ ახალ მოთხოვნას უყენებს თანამედროვე მასწავლებელს.
   ყურადღება გავამახვილე მეთოდზე, რომელიც კონფერენციაზე წარმოდგენილი  ჩემი მოხსენების მთავარ თემას წარმოადგენდა. ეს მეთოდი ეხებოდა Facebook–ის ჯგუფის შექმნას ერთ–ერთ მეათე კლასში და კლასთან დისტანციურად, არასაგაკვეთილო დროს ურთიერთობას სასწავლო მიზნით.
   კოლეგებს გავაცანი ის ინტერნეტ გვერდები, რომლებსაც ვიყენებდი საინტერესო ელექტრონული რესურსების შესაქმნელად და ჯგუფში ასატვირთად და შევთავაზე დახმარება, თუ ისინი ამ გვერდების გამოყენებას მოინდომებდნენ. კერძოდ გავაცანი პროგრამები–eazyQuizzy  (ტესტების შესაქმნელი პროგრამა)Powtoon (ანიმაციური საპრეზენტაციო პროგრამა), learningapps.org  (საინტერესო და თამაშის ტიპის დავალებების შესაქმნელი პროგრამა).
   კოლეგებს გავაცანი აგრეთვე ჯგუფში გამოყენებული რესურსების ინტერნეტწყაროები:  Youtube.commyvideo.ge, skoool.emis.gephet.colorado.edu–ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები ფიზიკაში.
  მათ ვესაუბრე ჯგუფში მუშაობის შედეგებზე და გავაცანი სტასტისტიკა Facebook–ის  ჯგუფის შექმნამდე და ჯგუფის შექმნის შემდეგ, სადაც აშკარად ჩანდა მოსწავლეთა წინსვლა. ყურადღება გავამახვილე შეფასების სისტემაზეც, რადგან შეფასების გარეშე, ჩემი აზრით, ვერც  ერთი მეთოდი სრულყოფილი ვერ იქნება.
    კათედრაზე კოლეგებთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ასეთი ფორმით გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის–მსმენელისთვისაც და მომხსენებლისთვისაც მოტივაციის გაზრდის კარგი შესაძლებლობაა. ამაყი ხარ, როცა სიახლეს ნერგავ და ამ სიახლეს აცნობ დაინტერესებულ ადამიანებს და ამავე დროს მათგანაც იღებ გარკვეული ტიპის რჩევებს და შენიშვნებს, რაც ჩემი აზრით გეხმარება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა კიდევ უფრო დახვეწილი, სასწავლო პროცესი კი მოსწავლეთათვის საინტერესო და მიმზიდველი გახადო.
   მასწავლებლების მხრიდან პრეზენტაციას დადებითი შეფასება მიეცა, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია ამგვარი აქტივობების შემდეგშიც და მრავალჯერ განხორციელებისთვის.
    ვფიქრობ ეს შეხვედრა აუცილებლად შედეგიანი იქნება, რადგან მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც გაიზარდა კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების მნიშვნელობა, შეიცვალა მასწავლებლის როლი–ყოვლისმცოდნე დიდაქტიკოსის ფუნქციები მენტორის, მხარდამჭერისა და მრჩევლის ფუნქციებმა შეცვალა. ამავე დროს, თუ ხარისხიან საგაკვეთილო აქტივობებთან და სტრატეგიებთან ერთად, მრავალფეროვანი და ხშირი შეფასებები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მასწავლებლის მიერ უხვად იქნება გამოყენებული უშუალოდ სასწავლო პროცესშიც და დისტანციურადაც, შედეგად მივიღებთ მოსწავლეთა დიდ პროცენტულ ნაწილს, რომლებიც დაეუფლებიან პირობისეულ, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას.
     დირექციის მიერ სკოლაში მოწვეული იყო ქ. ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი“, რომელმაც სკოლაში განხორციელებული აღნიშნული აქტივობა გააშუქა საინფორმაციო პროგრამაში ,,ექო“.

  გამოყენებული რესურსები:  კომპიუტერი პროექტორით,  ,,Microsoft PowerPoint” –ის საპრეზენტაციო პროგრამა.
                
 სსიპ ქ. ახალციხის 5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მაია თათეშვილი
    29.03. 2014 წელი


No comments:

Post a Comment